Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

ცვლილებით რეგულირდება საზღვარგარეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და მისი სტრუქტურის სპეციფიკის გათვალისწინებით და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საზღვარგარეთ, სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების საჭიროებით.

მომხსენებლის განმარტებით, ბოლო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა, რომლის შესაბამისად, არაერთი განახლებული მიდგომა ჩამოყალიბდა, მათ შორის, სტაჟირების ანაზღაურებასა და ვადებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესით არის მოწესრიგებული.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოების მიზნით, აღნიშნული წესში შეტანილია ცვლილება, რომლის თანახმად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში სტაჟირების ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით, თუმცა ეს არ ვრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევებზე.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა პროექტი, რომლის თანახმად, კანონს საგამონაკლისო ნორმა ემატება. ეს შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასა და ოდენობასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.