Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში, სერბეთში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარინა რაგუშთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე შეხვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ელვირა კოვაჩს და კომიტეტის წევრებს.

შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები მიმოიხილეს. მათ შორის ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, მათ შორის უახლოეს მომავალში გაიხსნას სრულფასოვანი საელჩოები ორივე ქვეყანაში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასა და ამ გზაზე განსახორციელებელი რეფორმების საკითხებზე და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.

მხარეები მიესალმებიან სერბული ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც ოპერირებას დაიწყებს 15 ივნისიდან და რეგულარულ რეისებს შეასრულებს ბელგრადი-თბილისის მიმართულებით.

„საქართველოსა და სერბეთს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში, ორივენი ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, შიდაპოლიტიკური მსგავსი გამოწვევები. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, უპირობოდ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში. იმედი გვაქვს, უახლოეს თვეებში თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცევა სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ვაჭრობის, ტურიზმის ზრდის პერსპექტივა,“– განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სერბი კოლეგები ოფიციალური საპასუხო ვიზიტით თბილისში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეხვდნენ ეუთოს და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში სერბეთის დელეგაციების წარმომადგენლებს და განიხილეს საპარლამენტო ასამბლეების ფორმატში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.

შეხვედრა ასევე გაიმართა სერბეთის საერთაშორისო პოლიტიკის და ეკონომიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.