Loading data...
რიმა ბერაძე: რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა ევრო ბიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

„რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა ევრო ბიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები, რაც გამოწვეულია მათი სურვილით რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეინარჩუნონ აქაური აგენტურა და აგრძნობინონ მათ, რომ ინტერესი საქართველოში გავლენების გაძლიერების მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ და შეუპოვრად აგრძელებს არჩეულ გზაზე სიარულს.

„ვაგრძელებთ პრაგმატული, დაბალანსებული და მოქნილი პოლიტიკის გატარებას. სახეზე გვაქვს ნორმალიზირებული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მჭიდრო პარტნიორობა ჩინეთთან, მეგობრული ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან. ევრო ბიუროკრატიული იზოლაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს საკუთარი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე და აქტიურად იყენებს მას ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განსავითარებლად.

საზოგადოებას კარგად ახსოვს რამდენი რამ გამოიარა საქართველომ მათი მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულებების გამო. სწორედ ეს უსამართლო დამოკიდებულებები გახდა გარდამტეხი ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამან დაარწმუნა ჩვენი ერი, რომ ქვეყნისთვის იმ რთულ წლებში მხარე უნდა დაეჭირა ჩვენი ხელისუფლებისათვის, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული და ქვეყნის გადასარჩენად იბრძოდა“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

რიმა ბერაძის განცხადებით, ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე მმართველ გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლის, წნეხისა და შანტაჟის გაძლება, რასაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„ამის მიუხედავად, ჩვენი ე.წ. ოპოზიცია ჩავარდნილი სცენარებისა და გარე ძალების ერთგული რჩება. მონური მორჩილებით ასრულებს გარედან წამოსულ ყველა დავალებას. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მათ უსამშობლოებს და უღმერთოებს. მათი ბოლო დროინდელი გაერთიანებაც ამის კარგი მაგალითია.

ვინ მოთვლის რამდენი ასეთი გაერთიანება გვინახავს უშედეგო დასასრულით. ერთმანეთის მოძულე და ფასადურად გაერთიანებული ოპოზიცია 26 მაისს დესტაბილიზაციის შემოტანის კიდევ ერთ მცდელობას გეგმავს. სცენარი კვლავ უცვლელია - ისევ უცხოეთიდან ჩამოსული რევოლუციონერების მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების გამოყენება, მაგრამ ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ - ჩვენი სახელმწიფო ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზეა.

ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ქვეყნის დაზიანების არცერთი მცდელობა არ რჩება შეუმჩნეველი. ყველა ასეთი გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც მათ მიერ ორგანიზებული ხუთი რევოლუციის მცდელობა“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.