Loading data...
რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის წევრმა თორნიკე ფაღავამ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.

მოხსენებისას რატი იონათამიშვილმა საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებებისადმი მტკიცე ერთგულებას, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციურ გარანტიებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობას. რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიღწეული პროგრესი მოიცავს კარგი მმართველობის, საკუთრების უფლების დაცვის, ეკონომიკური სტაბილურობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედიის პლურალიზმის, ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინკლუზიური პოლიტიკური წარმომადგენლობის მიმართულებებს, რაც ასახულია წამყვან საერთაშორისო ინდექსებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა ძლიერი ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.

გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში, რომლის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნულ ანგარიშს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ, წელს საქართველოდან მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.