რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს ჩვენ, პირველ რიგში, ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს
„26 იანვარს, გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეოთხე ციკლის ანგარიში გაიმართა, რომლის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველა სახელმწიფო უწყებამ ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა. დისკუსიის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ როდესაც ზურგს გიმაგრებს სამართლიანი, მყარი და ობიექტური არგუმენტები - შენ ყოველთვის გაქვს უპირატესობა და კრიტიკულად განწყობილი მხარე ამ შემთხვევაში ნამდვილად იჩაგრება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე განმარტებით, ასევე კარგად გამოჩნდა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თავისუფალნი არიან თავსმოხვეული დღის წესრიგისგან, დადებითად აფასებდნენ ჩვენს ქვეყანაში იმ პროგრესს, რომელიც არაერთი მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გვაქვს. კერძოდ, ეს იქნება: საკუთრების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების სამთავრობო სტრატეგია თუ სხვა.
„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს და ასახული არის საერთაშორისო ობიექტურ ინდექსებში - ეს იქნება კორუფციისგან თავისუფალი შეფასება, კანონის უზენაესობა, საკუთრების დაცვა თუ სხვა. ამავდროულად, იმ ცალკეულ ქვეყნებს, რომლებმაც სცადეს, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი გაემეორებინათ - მათ მოუწიათ, კიდევ ერთხელ მოესმინათ სტრასბურგის სასამართლოს იმ 100-ზე მეტი ვერდიქტის შესახებ, რომელსაც გასამართლებული ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი განმარტებით, ამ ვერდიქტებში საუბარი არის უმძიმეს და სისტემურ დანაშაულებზე, მათ შორის, ადამიანის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე, სიცოცხლის უფლების მოსპობის კონკრეტულ ფაქტებზე, სახელმწიფო რეკეტზე და სხვა.
რატი იონათამიშვილის თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშში, ფაქტობრივად, შეჯამებულია სტრასბურგის სასამართლოს 100-ზე მეტი ვერდიქტი, რომელიც გამოტანილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ისეთი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომელიც არ იქნება თანხვედრაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან.
„რაც შეეხება თვითონ იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება UPR-ის ფარგლებში გამოთქმული, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ ვიზიარებდით ყველა რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებოდა. ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელიც არ მოვა თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და შესაბამისად, მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო, ვინაიდან ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს ჩვენ, პირველ რიგში, ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.