პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა.
სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილე და სპორტული სკოლების მოსწავლეები ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენს, ნინო სალუქვაძეს და საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელს, ირმა ხეცურიანს შეხვდნენ.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა ნინო სალუქვაძისგან და ირმა ხეცურიანისგან პროფესიულ გამოცდილებასა და სპორტულ ღონისძიებებში მიღწეულ შედეგებზე ისტორიები მოისმინეს და იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს გაეცნენ, რაც წარმატების მიღწევისთვის არის აუცილებელი.
„მარტის თვის აქტივობების ფარგლებში, გამორჩეულ ქალ სპორტსმენებთან და სკოლის მოსწავლე გოგონებთან ერთად საინტერესო შეხვედრა გაიმართა. სპორტსმენებმა ახალგაზრდებს საკუთარი წარმატებები გაუზიარეს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა სპორტსმენებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ პატარა დამარცხებას არ უნდა შეუშინდნენ და ვარჯიშს და მონდომებას აუცილებლად გამარჯვებები მოჰყვება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
გამორჩეული ქალი სპორტსმენების და სპორტის სახეობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრას პარლამენტის წევრები გრეტა წიწავა და ლიკა შარტავა დაესწრნენ.