Loading data...
პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, კომიტეტების წევრები, სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში მოისმინეს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს შეეხება.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ აღინიშნა, მართალია წარმოდგენილი ანგარიში სრულად ვერ ასახავს სექტორში არსებულ პრობლემატიკას და დადებით ტენდენციებს, ასევე მისი მასშტაბების გათვალისწინებით შეუძლებელია ანგარიშში ასახული მიგნებების მთლიანად სექტორთან მიმართებით განზოგადება, მაგრამ მითითებული პრობლემატიკა, პაციენტთა ინტერესების მაქსიმალურად პრიორიტეტიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყურადღებას იმსახურებს.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელთა შესრულების პროცესს ზედამხედველობას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები გაუწევენ.