პარლამენტში საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა წყლის რესურსების მართვის და სასმელი წყლის ქსელის მოწყობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის Aqualia საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და მომავალშიც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის ინვესტირება იგეგმება.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ისეთი საერთაშორისო კომპანიაა შემოსული, როგორიც Aqualia, რომელიც მენეჯმენტის სერვისს ახორციელებს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებთან გრძელვადიან გეგმებსა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე ვისაუბრეთ.
ჩვენთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის, ინვესტორსა და მომხმარებლებს შორის დაბალანსებული ურთიერთობები ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, წყლის მიწოდების ნაწილში მოსახლეობისთვის სატარიფო პოლიტიკა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხია და გვინდა, რომ დაბალანსებული ურთიერთობა შენარჩუნდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ქსელის მშენებლობა და სასმელი წყლის არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მსხვილ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო ფინანსები საკმარისი არ არის და აუცილებელია კერძო კაპიტალის ინვესტირება. შესაბამისად, მივესალმებით კომპანიის სამომავლო პოლიტიკას, რომელიც არა მარტო თბილისში, არამედ რუსთავსა და მცხეთაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული სატარიფო პოლიტიკა, რომელიც სამწლიან პერიოდს მოიცავს, ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს გრძელვადიანი პროცესები დაგეგმონ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია Aqualia-ს ოპერირება საქართველოში იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს.
საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრები: ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, შოთა ხაბარელი, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ბარვენაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ.