Loading data...
პარლამენტში ღონისძიება თემაზე - „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება თემაზე -„ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„მეცნიერება, აზრის განვითარება, კვლევა, სიახლის შეცნობა არის ის, რაც სამყაროს ამოძრავებს. ისტორიის განმავლობაში პროგრესის თანამონაწილე არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი იყო. ქართველი ქალი მეცნიერები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეშიც. სკოლის ასაკიდანვე უნდა შეეწყოს ხელი სიახლისკენ სწრაფვასა და აღმოჩენების სურვილს. ამ მხრივ, სასკოლო განათლება მთავარია, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება უნდა მისცეს. ამას ბუნებრივად მოსდევს უმაღლესი განათლების საფეხური. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მიზნად ისახავს, რომ უნივერსიტეტებში მეცნიერება დაბრუნდეს, აკადემიური საქმიანობა თავის თავში მოიაზრებდეს აქტიურ სამეცნიერო მუშაობას და ეს არ იყოს დამატებითი, მეორეხარისხოვანი საქმიანობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ქალთა მონაწილეობა მეცნიერებაში არ არის მხოლოდ თანასწორობის საკითხი, ეს არის კვლევის ხარისხის, ინტელექტუალური მრავალფეროვნების და ინოვაციური განვითარების საფუძველი. ბიოტექნოლოგიები, რაც დღევანდელი დღის განსაკუთრებული აქცენტია, არის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას, ბიოუსაფრთხოებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს. ბიოტექნოლოგია არის სივრცე, სადაც ცოდნა პირდაპირ გარდაიქმნება საზოგადოებრივ სიკეთედ, იქნება ეს მედიცინა, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა თუ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქალები არა მხოლოდ მონაწილეობენ, არამედ ხშირად არიან შემქმნელები იმ მიღწევების, რომლითაც ქართული სამეცნიერო სკოლა ამაყობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მეცნიერებაში ქალების როლსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

„ამბობენ, მეცნიერებას სქესი არ აქვსო. ფორმულას, აღმოჩენას, კვლევის შედეგს ნამდვილად არ აქვს სქესი, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც ამ აღმოჩენის უკან დგას, აქვს ისტორია. ქალი მეცნიერის ისტორია ხშირად მოიცავს დამატებით გამოწვევებს: ოჯახისა და კარიერის შეთავსებას და სტერეოტიპებთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, ყოველი მიღწევა ორმაგად ღირებულია და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ თანასწორობა აღიაროს, არამედ რეალური პირობები შექმნას. ჩვენი საქმეა, რომ თითოეულმა გოგონამ, რომელსაც ლაბორატორია, ტელესკოპი თუ მათემატიკური ფორმულა აინტერესებს, იცოდეს - ქვეყანა შენს გვერდითაა, არა მხოლოდ 11 თებერვალს, არამედ წლის ყოველ დღეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საკითხი „ბიოტექნოლოგიები საქართველოში – სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილება ბიოტექნოლოგიებში“, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დარგის განვითარების მდგომარეობაზე, სამეცნიერო პოტენციალსა და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ქვეყნის ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვის თინათინ სადუნიშვილს, ასევე, აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვის მარინე ბარვენაშვილს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.