პარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე, სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდა. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაუმჯობესებასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ეფექტიანობის ზრდას. კანონი 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას მესამე მოსმენით განიხილავს. დეპუტატები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ალექსანდრე დარახველიძეს დღეს მოუსმენენ. კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისას ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ამასთან, დარეგულირდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების საკითხები. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონპროექტი განიხილება. საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი დგებუაძეს მოუსმენენ. კანონპროექტი ითვალისწინებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სოციალური გარანტიების შექმნას. შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, გაიზრდება ხელფასები და თანამშრომლებს სამუშაო პერიოდი სტაჟში ჩაეთვლებათ. გარდა ამისა, ფართოვდება და მოქნილი ხდება პრობაციის სერვისების გეოგრაფიული არეალიც, პრობაციონერებს დაფიქსირება საკუთარ რეგიონებში შეეძლებათ. პარლამენტი კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომელიც ძალაში 20026 წლის 1 მარტიდან შევა.
მესამე მოსმენით განიხილავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე არასრულწლოვანთა შესახებ კანონპროექტს, რომელშიც გათვალისწინებულია გაეროს რეკომენდაციები. მესამე მოსმენით განიხილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც. ინიციატივის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემა, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში იქნება შესაძლებელი. სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა უცხო ძალების მხრიდან, ზეწოლის გარეშე ინფორმირებული და მიუკერძოებელი არჩევანი საკუთარ ქვეყანაში გააკეთონ. ასევე მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება მმართველი გუნდის ინიციატივა, რომლის თანახმად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გაუქმდება. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება.