პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საკითხი პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვა სახით, დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.
აგრეთვე, ღვინის კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის, ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები.
ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულება გაუჩნდება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის, იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია, ჯამურად, წელიწადში 1 500 ლიტრს არ აღემატება.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1-ელ მაისამდე უნდა გამოსცეს ბრძანება ,,სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“.
კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ახალ გასაშენებელ ვენახებზე გავრცელდება.