Loading data...
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს.

საკითხი სხდომაზე განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, იცვლება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება. ზუსტდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ნორმატიულ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებით. მკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტები ტურიზმის სფეროში.

„რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლებისა და სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებთან მიმართებით ზუსტდება სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ელექტრონული ფორმით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ამ უფლებამოსილების დელეგირება ადმინისტრაციის მიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. ცვლილებით გათვალისწინებულია სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის სერტიფიკატის და სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე საქმიანობის დაჯარიმების დიფერენციაცია.

„საქმიანობა სერტიფიკატის ფლობის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.