Loading data...
პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანებართვო პირობების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობების გაზრდას. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით.

აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით.

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.