პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროს არსებით რეფორმირებას.
„იქმნება ახალი ადმინისტრაციული ორგანო - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც იფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით და უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტით განისაზღვრება აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები და დგინდება, რომ ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
კანონის პროექტით წესრიგდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელთან, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასთან, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადებასთან და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, გამოქვეყნების ან/და წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი.
კანონპროექტის თანახმად, ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. ცვლილების მიხედვით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას.
კანონპროექტის თანახმად, ხორციელდება ბაზრის კვლევის სავალდებულოდ განხორციელების საკითხის საკანონმდებლო რეგლამენტაცია, ასევე დგინდება შესაბამისი საფუძველი, შემდგომში ბაზრის კვლევის განხორციელების დეტალური წესის ნორმატიულ დონეზე მოსაწესრიგებლად.
კანონპროექტით დგინდება დამატებითი გამონაკლისები კანონის მოქმედების სფეროდან.
კანონპროექტით იზრდება ამჟამად მოქმედი სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იცვლება ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, ვადების შერჩევასთან დაკავშირებული დღეს არსებული მიდგომა. შესაბამისი ვადის შერჩევა, ძირითადად, დამოკიდებული იქნება შესყიდვის ობიექტის ღირებულებაზე და არა ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ღირებულებაზე.