პარლამენტმა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტის აქციზის გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება.
როგორც მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, ცვლილების მიღების შემდეგ გამარტივდება სამართლებრივი პროცედურები აქციზური საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისას.
მისივე თქმით, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულებისა და იმპორტის გადასახადისგან, მიზანშეწონილია ამ ცვლილებით შენარჩუნდეს საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობისა და ნეიტრალურობის პრინციპი და მსგავსი მიდგომა გავრცელდეს აქციზის გადასახადზეც.