პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 72 მომხრე, 11 წინააღმდეგი, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
ცვლილებების პროექტი, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ წარადგინა.
ცვლილების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია, ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.
ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით, ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში გავრცელდება.
პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.