პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება.
როგორც მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კანონპროექტით შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება.
„პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე ან დისტანციურად, დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები. ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად.
წარდგენილი ცვლილებით, კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერიც უფლებამოსილი იქნება ეროვნულ ბანკში ანგარიში გახსნას.