პარლამენტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
ცვლილება ითვალისწინებს, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ.
ამასთანავე, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებასთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან, იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობასთან და სოციალურ დაცვასთან, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, აგრეთვე, სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.