პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.
საკითხი განსახილველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.
ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან.
ორგანული კანონის პროექტით ასევე დგინდება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი შატაკიშვილი.