Loading data...
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების მიხედვით, კანონის გარდამავალ დებულებას ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება იმ პირსაც, რომელსაც 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი უსრულდება.

საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

„პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ბავშვებს, რომლებიც 16 სექტემბრის შემდეგ 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დაბადებული, შესაძლებლობა მიეცეთ ისარგებლონ რეგისტრაციის ყველა ეტაპით. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.