პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 82 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნის წესს შეეხება.
როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს „საქსტატის“ საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, ცვლილება შევა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“, რომლის თანახმად, პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის დანიშვნას.