პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 92 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინა წაქაძის განცხადებით, გაეროს კონვენციების თანდართული სიების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება.
კერძოდ, „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას გაეროს სიებში შეტანილი 15 ახალი დასახელების ნივთიერება, „ფსიქოტროპული ნივთიერებების“ სიას ერთი ნივთიერება, ხოლო პრეკურსორების სიის ცხრილს 18 ახალი ნივთიერება ემატება.
მომხსენებლის თქმით, იმისთვის, რომ ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობა სრულად შესრულდეს, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობაშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და აღნიშნული ნივთიერებები აისახოს მოქმედი ძირითადი საკანონმდებლო აქტის თანდართულ ნუსხებში.