Loading data...
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 86 ხმით მიიღო.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები შემოდის. მისი თქმით, ამჟამად „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს.

ცვლილების თანახმად, ერთმანეთისგან იმიჯნება ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას განახორციელებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზე.

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში გამოიხატება.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 79 ხმით მიიღო, იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ ქმედებებს ეხება.

ცვლილება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას, წინასწარი შეთანხმების, გარიგების ან სხვა ქმედებისთვის, თუ ეს მიმართულია მატერიალური სარგებლის ან უპირატესობის მიღებისკენ და იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას. პროექტი, ასევე, აზუსტებს, რომ აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი არ არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ხოლო იურიდიული პირისთვის განსაზღვრავს სანქციებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, ლიკვიდაციისა და ჯარიმის სახით.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ნაცვლად - არსებული 10%-ისა.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით - 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი, მიიღო.