პარლამენტმა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 88 ხმით მხარი დაუჭირა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.
თამარ იოსელიანის განცხადებით, არსებული რეგულაცია პრობლემას უქმნის იმ პირებს, რომლებმაც პროფესიული საზღვაო განათლება მიიღეს 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, თუმცა, ვერ მოასწრეს კომპეტენციის სერტიფიკატის აღება რომელიც გათვალისწინებული იყო 2014 წლის 14 ნოემბრამდე.
მისივე თქმით, 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამწლიანი პროფესიული სწავლა დაასრულა დაახლოებით 1200-მა კურსდამთავრებულმა.
მათგან დაახლოებით 405-მა მეზღვაურმა შეძლო შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის განახლება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ 1200 კურსდამთავრებულიდან 795 პირმა ვერ მოახერხა კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება. შესაბამისად, ვერ გადადის ექსპლუატაციის დონიდან მართვის დონეზე.
„წარმოდგენილი ცვლილების მიღებით, 795 მეზღვაურს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ან განაახლოს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება სამართლიანად დაარეგულირებს საკითხს და ერთიან სტანდარტში მოაქცევს მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.