Loading data...
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცვლილებების თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება პრემიერ-მინისტრს.

„ადვოკატის დამოუკიდებლობა გათვალისწინებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ნებისმიერი ჩარევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. შემოთავაზებული ცვლილება გულისხმობს დაწესებულების, ანუ სერვისის მიმწოდებლის ხელმძღვანელის დანიშვნას კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.