პარლამენტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ხახუბიას განმარტებით, გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის, ლიცენზიები და ნებართვები თავმოყრილი იქნება ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
„კანონის მოქმედი რედაქციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი უზრუნველყოფს როგორც დარგის პოლიტიკის, ასევე აღსრულებასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებას. ამავე დროს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში სხვა მიმართულებებზე ავტორიზაციას. ფუნქციათა ამგვარი გადანაწილება არაეფექტურია, როგორც ადამიანური ისე ფინანსური რესურსების მართვის თვალსაზრისით. დარგის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები და თანხმობის გაცემა თავმოყრილი იქნეს ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში“, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
წარმოდგენილ ცვლილებას კანონმდებელმა მხარი ერთხმად, 80 ხმით დაუჭირეს.