პარლამენტის წევრები საქართველოს საელჩოში იტალიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პირველ მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, საქართველო-იტალიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ვახტანგ თურნავასთან და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან თამარ ლილუაშვილთან ერთად იტალიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო განათლების სისტემის რეფორმას, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემებს.
შეხვედრის მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან დიალოგის გაღრმავება, მათი საჭიროებებისა და ხედვების უკეთ გაცნობა, ასევე საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე.
სტუდენტებმა, კითხვა-პასუხის ფორმატში, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც განათლების მიმართულებით, ისე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
როგორც კანონმდებლებმა აღნიშნეს, პარლამენტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების საჭიროებების გასაანალიზებლად და მათი ჩართულობის გასაძლიერებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საზღვარგარეთ.
მათივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან - ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი იდეების გასაზიარებლად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობებს საქართველოსა და დიასპორაში მყოფ ახალგაზრდებს შორის.