პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე სამი პირი - თამარ არღვლიანი, გია ანსიანი და გიორგი ჭოლაძე გამოჰკითხა.
დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება მისმა დედამ, თამარ არღვლიანმა მისცა. მისი განცხადებით, 2008 წლის 16 აგვისტოს, დავით ცინდელიანი, რომელიც ზემო სვანეთის სოფელ ხაიშის სატყეო დეპარტამენტში მეტყევე-რეინჯერად მუშაობდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, დათა ახალაიას დავალებით ქუთაისში თათბირზე დაიბარეს.
როგორც თამარ არღვლიანმა აღნიშნა, მისი შვილი ქუთაისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიტაცეს, ბათუმში ჩაიყვანეს და კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, რომან შამათავას გადასცეს.
მისივე თქმით, რომან შამათავამ, თანმხლებ პირებთან ერთად, ნაცემი დავით ცინდელიანი ზღვაში ნავით გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, შემდეგ ცხედარს ბეტონის ფილები მოაბა და ზღვაში ჩაძირა.
თამარ არღვლიანის განცხადებით, გატაცების შემდეგ მან შვილის ადგილსამყოფელი არ იცოდა, ხოლო ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ დავით ცინდელიანი ცოცხალი იყო და „ზედმეტად არ ეხმაურა“.
მისივე განცხადებით, დახმარებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილსაც ორჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს და განცხადებით ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩავიდა ქუთაისში, სად იყო, ბანკის წინ ვიდეოთვალიც რომ იყო დამონტაჟებული, ქუთაისის სპეცრაზმმა აიყვანა - ეს ყველაფერი ვუთხარი. ისიც ვიცოდი, რომ თბილისის სპეცრაზმს გადააბარეს. სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და ამბავს გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო“, - აღნიშნა თამარ არღვლიანმა.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოჯახისთვის მკვლელობის ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, თუმცა სად მოხდა ეს ტრაგედია მათთვის უცნობი იყო.
როგორც თამარ არღვლიანმა აღნიშნა, ოჯახი დავით ცინდელიანის მკვლელობის ამბავს ვერ ამხელდა იმის შიშით, რომ „ოჯახის სხვა წევრები და მოწმეები არ მოესპოთ“.
„ჩვენთვის პირველი დახვრეტა ის იყო, როცა უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორედ მაშინ დაგვხვრიტეს, როცა მას „შპიონაჟი“ დასწამეს. მესამედ კი მაშინ დაგვხვრიტეს, როცა სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით თვალში ნაცარს გვაყრიდა და გვეუბნებოდა - შამათავა გმირია და ციხეში რატომ უნდა იჯდესო?“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.
მისი თქმით, დავით ცინდელიანის მკვლელობის მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები და შურისძიება იყო.
„კოდორი თოფის გაუსროლელად და უბრძოლველად ჩააბარა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ. როდესაც კოდორიდან გამოსული ჯარი და უფრო ადრე გამოსული ბავშვები, ქალები და მოხუცები უპატრონოდ მიატოვეს, მათი თავშესაფარი ჩემი ოჯახი გახდა. ჩემს შვილს ეცოდებოდა დევნილები, მათ ემსახურებოდა და ყველგან დაჰყვებოდა. ერთხელ დევნილებს შეხვედრა ჰქონდათ თბილისიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან. დევნილებმა საკადრისად ვერ ისაუბრეს და საუბარში ჩემი შვილიც ჩარეულა - საყვედური უთქვამს, რომ კოდორი ჩააბარეთ, ბავშვები და ქალები უპატრონოდ მიატოვეთ და ახლა მაინც რატომ არ ზრუნავთ მათი პირობების შექმნაზეო. კამათის ბოლოს ისიც დაუმატებია - თქვენი დრო დათვლილია და მერე სად შეძვრებითო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იმ საღამოს იქ დარჩენილან, ყველაფერი შეუსწავლიათ - ვინ იყო ეს ბიჭი და ხევში რა ავტორიტეტით სარგებლობდა. იმ წელს არჩევნები ტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი თავის მხარეს არ გადაებირებინა. გავიდა 10 დღე და ქუთაისში თითქოს თათბირზე დაიბარეს“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.
როგორც მან აღნიშნა, დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმის გამოძიება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეზე კომისიამ ასევე გამოჰკითხა გია ანსიანი, რომელიც ზემო სვანეთის სოფელ ხაიშის სატყეო დეპარტამენტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მან დავით ცინდელიანის ქუთაისში გატაცების ფაქტზე დეტალურად ისაუბრა.
გია ანსიანის განცხადებით, დავით ცინდელიანი სამმა ახალგაზრდამ მისი ავტომანქანიდან სხვა მანქანაში გადასვა, ხოლო მას უთხრეს, რომ ქალაქის მთავარ სამმართველოში გაჰყოლოდნენ, რა დროსაც მისი მანქანიდან მანქანის გასაღები მოიპარეს და ტერიტორია დატოვეს.
„დავით ცინდელიანი სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებმა წაიყვანეს, ისე რომ საბუთები არ უჩვენებიათ. ეს ყველაფერი ბანკის წინ ხდებოდა, იქვე კამერებიც არის, მაგრამ ორჯერ ვიყავით ქუთაისში ჩასული და კამერები არავინ გვაჩვენა“, - განაცხადა გია ანსიანმა.
დღევანდელ სხდომაზე, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გიორგი ჭოლაძე გამოჰკითხა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი იყო.
როგორც გიორგი ჭოლაძემ აღნიშნა, 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი შედგა, რა დროსაც მინისტრმა განაცხადა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცტექნიკის გამოყენებას არ აპირებდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ პრემიერმა მოსახლეობას მიმართა, სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებდა სპეციალურ საშუალებებს, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში სპეცრაზმელებმა სპეციალური საშუალებები მაინც გამოიყენეს.
გიორგი ჭოლაძის განცხადებით, მომხდარის შემდეგ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის „მძიმე საუბარი“ შედგა, სადაც გიორგი გახარიამ განაცხადა: „მე არაფერ შუაში ვარ. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ადგილზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება“.
მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არასერიოზულად უყურებდა რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მოვლენებს და ამბობდა, რომ „ტელევიზიები ძველ კადრებს ატრიალებდნენ“.
როგორც მან აღნიშნა, აქციის დაშლის თაობაზე გადაწყვეტილებებს გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში იღებდა, რაც მის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდა. ასევე, პარლამენტის შენობაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი იმყოფებოდა, რაც „ვენის კონვენციის“ დარღვევა იყო.
გიორგი ჭოლაძის განცხადებით, 21 ივნისს, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი გახარიას კოლეგებმა მომხდართან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, მან უპასუხა: „შეცდომა იყო ის, რომ მათ ასეთი იარაღი საერთოდ ჰქონდათ. სულ 12 ადამიანს ჰქონდა ასეთი იარაღი. ეს რომ მეტს ჰქონოდა, გაცილებით მძიმე შედეგები გვექნებოდა. მე იქ ეკონომიკის მინისტრი ვიყავი და საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა“.
როგორც გიორგი ჭოლაძემ აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარია გადადგომას აპირებდა, თუმცა „რაღაცამ ან ვიღაცამ იმოქმედა“ და გადაწყვეტილება შეცვალა.
დღესვე, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კომისიის უფლებამოსილების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
„კანონმდებლობით, კომისიას ექვს თვეზე მეტი მუშაობის უფლება არ აქვს. ჩვენ უკვე მეხუთე თვეა საჯარო სხდომების ფორმატში ვმუშაობთ და ეს ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ხილული ნაწილია. იმას, რასაც საზოგადოება ვერ ხედავს და საჯარო არ არის, ადმინისტრაციულ პერსონალთან ყოველდღიური მუშაობა, წერილების განხილვა და დასკვნის პროექტის შემუშავებაა. ამიტომ გთავაზობთ, ვითხოვთ ბოლო - მეექვსე თვით ჩვენი უფლებამოსილების გაგრძელება. ივლისის თვეში საჯარო სხდომები გამონაკლის შემთხვევებში გაიმართება, რადგან მთელი ჩვენი რესურსი დასკვნის პროექტს უნდა დავუთმოთ. თუმცა, ის სხდომები, რომელიც კომისიის სამი წევრის მიერ გამოკითხვების ჩატარებას გულისხმობს, ივლისში შესაძლოა გაგრძელდეს. ასევე, გთავაზობთ, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, არაუგვიანეს 4 აგვისტოს, კომისიის დასკვნა დავამტკიცოთ, რომელიც სექტემბრის პირველ რიცხვებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
კომისია, უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების საკითხის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასმის თაობაზე, პარლამენტის ბიუროს მიმართავს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ორშაბათს, 23 ივნისს გაიმართება.