Loading data...
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.

მათ შორის, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.

კანონმდებლები „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს - პარლამენტს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისთვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი თანდართულ მასალებთან ერთად წარედგინა.

საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.

განსახილველ საკითხებს შორის არის „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის დაჯი კოვზირიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი.