პარლამენტის ბიურომ 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტის ბიურომ 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის სხდომების განრიგზე ინფორმაცია გააცნო.
„მიმდინარე კვირა საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირაა. მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, 16 და 17 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები გაიმართება. პარლამენტის საშემოდგომო სესია კი 19 დეკემბერს, ბიუროს სხდომით დაიხურება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს, დეპუტატები სხვადასხვა კანონპროექტთან ერთად, მიმდინარე კვირაში საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებენ. პარლამენტის წევრები დაჩქარებული და გამარტივებული წესით განიხილავენ ასევე კანონპროექტებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.