Loading data...
ნინო წილოსანი: ვერაფერი გადაფარავს 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობას, რადგან ყველა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი, რაღაც კონკრეტულ მორალს გვახსენებს

„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე, როგორც დღეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ევროპის რიგმა ქვეყანა ქვეყნებმა უომრად გაუღეს საკუთარი ქვეყნის კარები ფაშისტებს - საქართველომ 400 000-მდე ადამიანი, ჩვენი გმირი მებრძოლი შეეწირა ხალხის წამების, სიძულვილის და მსოფლიოს დაპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

მისივე თქმით, ისინი კი, ვინც გადარჩა, ზეიმობენ ამ დღეს, თუმცა, რადიკალებს ამ ზეიმის ჩახშობა უნდოდათ ხან 9 მაისის 8 მაისზე გადატანით, ხანაც კი ფაშიზმზე გამარჯვების დღის სხვა აქტივობის გადაფარვით.

„წელს, 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს დიდ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე პატარა ნაწილი, ევროპის დღის აღნიშვნით გართულ-დაკავებული. სრულებით სამართლიანი განაწყენება მოვისმინეთ ჩვენი საზოგადოების, როგორც კი 9 მაისის მნიშვნელობასთან ერთად, ჩვენს მეგობარ ევროპას, ევროპის დღე მივულოცეთ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდით, რომ ხალხი ყოველთვის ბრძენია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან სწორია - პარტნიორს მისი დღესასწაული მიულოცო და 1950 წლიდან დაწესებული ევროპის დღე, რომელიც ევროპის კონსოლიდაციას და გაძლიერებას აღნიშნავდა, ჩვენც გავმხდარიყავით ამ დღის მნიშვნელობის თანამოზიარე - ვერაფერი გადაფარავს 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობას, რადგან ყველა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი, რაღაც კონკრეტულ მორალს გვახსენებს. რა არის 9 მაისის მორალი?

ევროპაში, ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება და ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია. ჭეშმარიტების კომპასი არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს, მშვიდობასა და ომს შორის.

9 მაისის მორალი გვახსენებს, რომ ჩვენ, გმირების ქვეყანა ვართ და რომ დღესაც ნეოფაშიზმის და სიმართლის ჩახშობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა, მოსაგებია და ვერასდროს, სადაც და ვისთანაც, არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს, რადგან ქართველი და ქრისტიანი გადაჯაჭვული მცნებებია და სწორედ, ეს გვაჩვენებს ეკლესიის სწორ გზას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.