ნინო წილოსანი: საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკით, ეფექტიანი მთავრობით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით

„პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომდევნო ფაზაში გადადის, იმის გათვალისწინებითაც, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ციკლი იქნება რეგიონების და თვითმმართველობებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ მე-10 საიუბილეო გამარჯვებასაც იზეიმებს „ქართული ოცნება“ და ქვეყნის მშვიდობიანი და მასშტაბური განვითარების, ეკონომიკური წინსვლის მომდევნო ოთხწლედს ავითვლით“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, რადგან საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკით ეფექტიანი მთავრობით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით.
„ამას ამბობს ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშები, მსოფლიო ბანკი და სხვა რეპუტაციული კვლევითი ორგანიზაციები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე განცხადებით, უსაფრთხოებისა და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.
„მთავრობის ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, „დიდი შვიდეულის“ ერთ, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით, საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს უსწრებს. ამავე რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს. მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და დასძინა, რომ შეფასებებისას მათ იხელმძღვანელეს ისეთ კრიტერიუმებით, როგორიცაა - საკუთრების უფლების დაცვა, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ფუნდამენტური ღირებულებაა და რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გათელა.
„შემდეგი კომპონენტები, სადაც ჩვენი წარმატება აღიარეს ინვესტიციების მოზიდვა, ლოგისტიკური კომპეტენცია, სტაბილური ბიზნესრეგულაციებია.
სწორედ სტაბილური ბიზნესრეგულაციების მაჩვენებლით მე-15 პოზიცია დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა.
მისივე თქმით, კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია. საქართველო კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვდა; სასამართლოს ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველომ გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 პოზიცია დაიკავა, მმართველობითი რეგულაციებით კი 29-ე ადგილზე გამწესდა.
„ამის ფონზე, როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი „გახარიას გუნდის წევრები“ ამომრჩეველთან მივლენ, ან „თაღლითების პარტიის“ მერობის წარმომადგენელი მორიგ თაღლითობას შესთავაზებს ამომრჩეველს, ან ევროკომისიის პრეზიდენტი ჩვენი რეგიონის სიძლიერეზე საქართველოს გარეშე ისაუბრებს, ან ევროინსტიტუციების რიგი წარმომადგენლები მორიგ თავდასხმას განახორციელებენ - ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო, რომელიც ჩვენს ამომრჩეველთან ერთად შევქმენით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.