ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაში მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე და იმ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.
„უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რამდენად მყიფეა დიდი სახელმწიფოების ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების მიმართ. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რუსეთს აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მისი თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო „ხელისუფლებები“ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას უზღუდავენ. პარალელურად, საოკუპაციო ძალები სისტემატურად ახორციელებენ ქართული ეკლესია-მონასტრების იერსახის ცვლილებას, რითაც მიზანმიმართულად შლიან ქართული რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის კვალს იმ მიწაზე, რომელიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედგამაცრუებელია ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს.
„დღემდე არაერთი ევროპული სახელმწიფო და თავად ევროკავშირი თავს იკავებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ყოფნას ოფიციალურად ოკუპაცია უწოდონ. ამავე დროს, ისინი მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ იმ სახელმწიფოებსა და რეჟიმებთან, რომლებიც მოსკოვის კარნახით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირმა 2026-2027 წლებში სირიისთვის 600 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოყო, თუმცა აღნიშნული ფინანსური დახმარება ევროკავშირს არ დაუკავშირებია სირიის ახალი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებასთან. მისივე განცხადებით, იგივე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დამრღვევს - ნაურუს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაშია ჩართული და მილიონობით ევროს მხარდაჭერას იღებს.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საერთაშორისო სამართლის დამრღვევი სახელმწიფოების ფინანსური დახმარება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს კიდევ უფრო ასუსტებს და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. მისი განცხადებით, ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა მკაფიოდ უნდა იყოს დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების პატივისცემასთან.
გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, თანმიმდევრულნი იყვნენ საკუთარი პრინციპების მიმართ და პრაქტიკულად დაიცვან ის ღირებულებები, რომელთა ერთგულებასაც დეკლარირებულად აცხადებენ.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ზამთრის სესია იმართება, რომელშიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობენ.