Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემები იყო ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, უსაფრთხოების საკითხები, ევროკავშირის წევრობა, ვაჭრობის განვითარება.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობას, მათ შორის უახლოეს მომავალში საელჩოების გახსნას ორივე დედაქალაქში.

„საუბარი გვქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა ხდება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. მინისტრმა დეტალურად აგვიხსნა კოსოვოსთან მიმართებით არსებული პოლიტიკა.

საუბარი გვქონდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე და საქართველოს როლზე რეგიონში. შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ფორმატებში გავაგრძელებთ ურთიერთმხარდაჭერას და ჩვენი პოზიციები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არ შეიცვლება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღესვე, შეხვედრები ასევე გაიმართა სერბეთის პარლამენტში. დელეგაციის წევრები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მილოვან დრეცუნს, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო ატლაგიჩს და კომიტეტების წევრებს შეხვდნენ.

„თავდაცვისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან განვიხილეთ უსაფრთხოების თემატიკა. საუბარი ასევე გვქონდა კოსოვოს საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით. სერბულმა მხარემ წარმოგვიდგინა თავიანთი ხედვა, როგორ შეიძლება კოსოვოს საკითხის დარეგულირება საერთაშორისო სამართლის პრინციპების ფარგლებში.

გვქონდა საუბარი ოკუპაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციას მოაქვს ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენს მშვიდობიან ხედვაზე, როგორ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სერბ კოლეგებთან შეხვედრებზე, ასევე განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობები, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.