ნიკოლოზ სამხარაძე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს - მინისტრის მოადგილე მარია ლაურა და როშას შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოსა და მერკოსურის გაერთიანების ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ლათინურ ამერიკაში და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების პრობლემები.
ქართველმა კანონმდებლებმა ბრაზილიელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
ქართულმა დელეგაციამ ბრაზილიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ნიკოლოზ სამხარაძემ ბრაზილიელ დიპლომატს, ლათინური ამერიკის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის განხორციელებაში დახმარების წინადადებით მიმართა.
მისივე თქმით, საქართველო პოლიტიკურ მხარდაჭერას ვენესუელას და ნიკარაგუას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების კუთხითაც საჭიროებს და ამ საკითხში ბრაზილიის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის პრინციპების უზრუნველსაყოფად.
საპარლამენტო დელეგაციის წევრები აგრეთვე ეწვივნენ ბრაზილიის დიპლომატიურ აკადემიას - რიო ბრანკოს ინსტიტუტს და მის გენერალურ დირექტორს მიტცი ვალენტე და კოშტას ესაუბრნენ. ქართველი კანონმდებლები დიპლომატიური აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სწავლების სპეციფიკას გაეცნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი დიპლომატების რიო ბრანკოს ინსტიტუტში სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
აკადემიის გენერალურმა დირექტორმა ქართველი დიპლომატების ჩარიცხვის მზაობა გამოთქვა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, დიპლომატების მომზადების კუთხით რიო ბრანკოს დიპლომატიური აკადემია ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ წარმატებულ და უძველეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს და მათთან თანამშრომლობა ახალგაზრდა ქართველი დიპლომატებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის უკეთ შესწავლისათვის.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ჯგუფის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე. ქართველ კანონმდებლებთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი.