ნიკოლოზ სამხარაძე ბრაზილია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბრაზილია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, კლაუდიო კაჟადოს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. იმსჯელეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომების გამართვის თაობაზე.
შეხვედრისას ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და პროგნოზებზე, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობებზე, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებით ბრაზილიის ინტერესზე.
ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებასა და გამოწვევებზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფორმატებში ბრაზილიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
კლაუდიო კაჟადომ ქართული მხარე მომავალ წელს ბრაზილიაში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე - COP 30 მიიწვია.
შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი მონაწილეობდა.