ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა.
მხარეებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.
„შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესზე და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით“. - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.
საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო „შუა დერეფნის“ განვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.
ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც იგი წარიმართა, მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.