Loading data...
ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხის განკარგვას შეეხება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დამატებით გამოყოფილი ასიგნებების შესახებ ისაუბრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებზე წარმოადგინეს ინფორმაცია.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ და ჯგუფის წევრებმა - არჩილ გორდულაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული სპეციალური პროგრამებისთვის თანხის განკარგვის საკითხს მხარი დაუჭირეს.