მარიამ ლაშხმა რუსთავში ციფრული განვითარების სივრცის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა რუსთავში ციფრული განვითარების სივრცის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მარიამ ლაშხმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბის გახსნა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ციფრული მომავლის შენების გზაზე. მისივე თქმით, ციფრული სივრცე ინოვაციებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ საზოგადოებას და მისცემს მათ ახალ შესაძლებლობებს პროფესიული თუ ეკონომიკური განვითარებისთვის.
„რუსთავი ყოველთვის იყო როგორც მეტალურგიული, ასევე, სხვა სამრეწველო მიმართულებებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს, ციფრული განვითარების დროა და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრულ განვითარებაში რუსთავი და კონკრეტულად ეს ჰაბი, დიდ როლს შეასრულებს. იმედი მაქვს, რომ ამ სივრცეში მრავალი ახალი და წარმატებული სტარტაპი, მილიარდიანი კომპანია დაიბადება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე სახელს გაუთქვამს. ასევე, ჭკვიანი ქალაქის (Smart City) კონცეფციის ნაწილში, რუსთავი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის სამაგალითო გახდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ციფრული განვითარების სივრცის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე სამ ძირითად მიმართულებას - მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას - სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრს და მომხმარებელზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს.
პროექტი საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს და ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდების ძირითად ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს.