მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დემოგრაფიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
„ოჯახი სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი მხარდაჭერის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებასა და სახელმწიფო პროგრამების დახვეწაზე იმუშავებს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულები 4 საკონკურსო ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: საუკეთესო ახალგაზრდული ესსე, საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო ინიციატივა საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ პროექტში გამარჯვებული უნივერსიტეტები. მადლობის სიგელები უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა გადასცა.
საკონკურსო პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია მოიცვა. უნივერსიტეტებში გამართულ საჯარო შეხვედრებს 2000-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. კონკურსში მონაწილეობა 320-მა სტუდენტმა მიიღო.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით განხორციელდა, დასრულდა. პროექტი რეგიონული ახალგაზრდული ცენტრებისა და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით გაგრძელდება და 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დასრულდება.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური სფეროს, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და თბილისის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.