მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მარიამ ლაშხმა მანდატურებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თითოეულ მანდატურს მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი შვილები სკოლაში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან და სწავლასთან ერთად, მათი აღზრდაც სათანადოდ მიმდინარეობს. სკოლა განათლების მნიშვნელოვანი ეტაპია.
სკოლაში ბავშვებს კულტურა და ურთიერთპატივისცემა უყალიბდებათ და ზოგად განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვან უნარებსა და თვისებებს იძენენ. ეს, საბოლოოდ, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მანდატურის სამსახური უკვე 16 წელია, არსებობს. ამ პერიოდში აღნიშნულმა სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი ინსტიტუციური მნიშვნელობა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა.
ღონისძიებაზე მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ღონისძიებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე ესწრებოდნენ.