Loading data...
მარიამ ლაშხმა და ილია ინჯიამ ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხზე პარლამენტში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ილია ინჯიამ ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხზე შეხვედრა გამართეს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ზომებზე, ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ქართულ რეალობაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის „დიფ ფეიკის“ გავრცელების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა. აღინიშნა, რომ აუცილებელია ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვა ონლაინ გარემოში, რაც ბალანსის სწორად განსაზღვრას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც ბავშვებს ციფრული საფრთხეებისგან დაიცავს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. აუცილებელია ჩვენი ბავშვები დავიცვათ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ონლაინ სივრცეში შეიძლება წარმოიშვას“, - განაცხადა ილია ინჯიამ.