მარიამ ლაშხი თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების, ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
„შეხვედრისას განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების განვითარებასა და ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებაზე ვისაუბრეთ. ხაზი გაესვა განათლების სფეროში ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას.
მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრის საქართველოში ვიზიტისას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.