მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი“ მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების წარმოჩენაზე, ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” სხვადასხვა წელს გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში საკუთარი პროექტები წარადგინეს. ეროვნულ დონეზე კონკურსს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდი უწევს ორგანიზებას. კონკურსი ყოველწლიურად ევროკავშირში შემავალ ერთ-ერთ ქვეყანაში იმართება.
„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიასთან თანამშრომლობაზე. განვიხილეთ საერთაშორისო კონკურსებში ქართველი ახალგაზრდების მიღწევები. აღინიშნა, რომ საჭიროა გამარჯვებული პროექტების პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობა. ასევე ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება უმაღლესი განათლების განვითარებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების კუთხით“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. პლენარულ სხდომაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხულორდავა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ევა ბაბალაშვილი, ევროკონკურსის ეროვნული ეტაპის ჟიურის თავმჯდომარე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე პაატა კერვალიშვილი და „პროგრესული იდეების ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ჟორდანია.