Loading data...
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი პარიზის ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ წარმომადგენლებს და საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის აქტიური მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია ქართულ დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის ჩამოყალიბება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო ხელმისაწვდომობას, საქართველოსათვის კი - სახელმწიფო ინტერესების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, თანამემამულეთა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

შეხვედრაზე დიასპორის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, ორ კომიტეტთან ერთად, ატარებს თემატურ მოკვლევას, რომელიც საკვირაო სკოლების და ანსამბლების გაძლიერებას გულისხმობს.

„თემატური მოკვლევის მიზანია, შეისწავლოს საკვირაო სკოლების და ანსამბლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი და დაადგინოს მისი საჭიროებები და საქმიანობის გაძლიერებისთვის ხელშემწყობი პირობები. მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა პარიზის ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ წარმომადგენლებისთვის, მიგვეწოდებინა მათთვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია და ასევე, მოგვესმინა მათი ხედვები თუ მოსაზრებები“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.