Loading data...
მაია ბითაძემ ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ადგილობრივ მოსახლეობას პარკის გახსნა მიულოცა.

პარკში, რომელიც ზღვისუბანში ჯამში 25 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდა, გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები ჩატარდა, დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა: 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი შეიცვალა ბალასტით, ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანო გზები, ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც პარკის მიმდებარე სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიისა და ნაძალადევის რაიონის წარმომადგენლები.