მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში Georgia Rubberized Asphalt Summit 2026
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა.
კონფერენცია კომპანიების - Tegeta Green Planet-ისა და Wasteless-ის მიერ იყო ორგანიზებული, საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის - Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით.
კონფერენციაზე გზების მშენებლობის თანამედროვე მიდგომები და ინოვაციური ტექნოლოგიები განიხილეს, რომლებიც ინფრასტრუქტურის გრძელვადიან გამძლეობას, ეკონომიკურ ეფექტიანობასა და გარემოსდაცვით მდგრადობას უზრუნველყოფს.
მაია ბითაძემ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
„შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე იმ მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგია, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს დავიწყეთ, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში ნარჩენების მართვის კოდექსი შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ნარჩენების მართვა ეკონომიკის განვითარების ახალ მიმართულებად, რაც იმით დასტურდება, რომ დღეს ვსაუბრობთ საბურავის, როგორც ნარჩენის გადამუშავებასა და კვლავ ეკონომიკურ ციკლში დაბრუნებაზე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებაში“, - აღნიშნა ბითაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმები მომავალში უფრო განვითარდება ინოვაციური მიდგომებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის საფუძველზე, რაც მყარ წინაპირობას შექმნის მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენებისთვის.
საერთაშორისო კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ გზის ინჟინერიის სფეროს საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის, Rubberized Asphalt Foundation-ის თავმჯდომარე, დოქტორი ჯორჯ ბ. უეი, Consulpav International-ის თავმჯდომარე, დოქტორი ჟორჟე ბ. სოუზა და ტრანსპორტის ინჟინერიის ექსპერტი, პროფესორი შაქირ შატნავი.