Loading data...
მაია ბითაძემ ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლებმა, ვენაში, ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღეს მონაწილეობა.

საპარლამენტო პლენუმში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც რეგიონის ენერგეტიკული მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩარჩოს ფარგლებში ბოლო წლებში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ჩვენ შევიმუშავეთ ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმა (NECP) და დავიწყეთ MRV (მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების) სისტემის განვითარება. პარლამენტი მიმდინარე წელს პირველი მოსმენით მიიღებს ამ სისტემის დანერგვისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. გარდა ამისა, ვასრულებთ „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც დანერგავს ემისიებით ვაჭრობის სისტემას და განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას კლიმატნეიტრალურობისკენ. ამასთან, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა რეგიონში შეიქმნას სანდო და თანამედროვე ენერგოსისტემა. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და შუა დერეფნის მეშვეობით გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს. ხაზგასასმელია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროკავშირმა უკვე აღიარა ორმხრივი ინტერესის პროექტად (PMI) საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის ფარგლებში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

საპარლამენტო პლენუმის ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა არტურ ლარკოვსკიმ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრირების მნიშვნელობაზე, რომელიც არის ყველაზე ეფექტური გზა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, ინვესტიციების ხელშეწყობისა და კლიმატის ცვლილების მიზნების მისაღწევად.

​ასევე, ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECPs) შემუშავებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.