Loading data...
მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს ხელმძღვანელებს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორ მიგელ სანტოსსა და კომპანიის რეგიონულ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონებს, წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და წყლის ახალ კანონს დაეთმო, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაა.

მხარეებმა თბილისში წყლის ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების მიმართულებით კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებები განიხილეს

შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ხარისხიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე და ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე.