მაია ბითაძე სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ქალაქ თელავში, სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის საორგანიზაციო შეხვედრას დაესწრნენ.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია Wasteless-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და ბატარეების ნარჩენების შეგროვების კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, კახეთი შერჩეულია საპილოტე რეგიონად, რაც გულისხმობს რეგიონის საჯარო სკოლებში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შემგროვებელი ყუთების განთავსებას.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
„საქართველოს პარლამენტის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, რომლის პრაქტიკული განხორციელება, მათ შორის, მოიცავს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის კოდექსი, რის შემდეგაც ნარჩენების მართვა იქცა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ნარჩენების მართვის კულტურის გაუმჯობესება და გრძელვადიანი გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ კახეთის მუნიციპალიტეტების მერები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.